უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის უმდიდრესი ადამიანი რინატ ახმეტოვი ვოლოდიმირ ზელინსკისთან უთანხმოების მიუხედავად სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის ცნობით, რინატ ახმეტოვი ამბობს, რომ უკრაინაში ომია და მზადაა ხელისუფლებასთან ერთ გუნდში იყოს და უთანხმოება გვერდზე გადადოს. „მათი საერთო საზრუნავი მარიუპოლია, განადგურებული ქალაქი, სადაც ახმეტოვის System Capital Management-ს ფოლადის ქარხნები აქვს და სადაც რუსული ძალების დაუნდობელი თავდასხმების შედეგად, დაახლოებით 170,000 მშვიდობიანი მოქალაქე საკვებისა და წყლის გარეშე დარჩა. ისინი წყურვილით და სიცივით კვდებიან - ეს არის გენოციდი“, - ამბობს ახმეტოვი.
მარიუპოლში ბიზნესმენს ორი ქარხანა აქვს და ჯამში 40 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოებში ოპერაციები შეჩერებულია, კომპანია აცხადებს, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას განაგრძობს.
რინატ ახმეტოვმა უკრაინა 30 იანვარს დატოვა. 16 თებერვალს კი ზელენსკიმ მიიღო კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ.
ეს კანონი უფლებას აძლევს ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს, მიანიჭოს პირს ოლიგარქის სტატუსი ოთხიდან სამი კრიტერიუმის არსებობის საფუძველზე: ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მედიაზე გავლენის დონე, მონოპოლიური კომპანიის ფლობა ან კონტროლი და აქტივები, რომლებიც აღემატება 2,4 მილიარდ გრივნას ($85 მილიონი).
ოლიგარქის სტატუსის მიღება ნიშნავს ქონების გამჭვირვალობის ვალდებულებას, პარტიების დაფინანსების, საჯარო თანამდებობის დაკავებისა და და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში მონაწილეობის აკრძალვას.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ბიზნესმენის ქონება $6 მილიარდს შეადგენს, რაც 45%-ზე მეტით ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც მას ომის დაწყებამდე ჰქონდა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს
მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს