დღეს რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართება. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავის 84 და გარდაბნის 33 უბანზე აირჩევენ, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს - 14 საარჩევნო უბანზე.
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის. პარტიას „მამუკა ტუსკაძე ‐ სოციალური სამართლიანობისათვის“ მამუკა ტუსკაძე, „ქართულ ოცნებას“ - ირაკლი შატაკიშვილი, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიას“ კი კამალ მურადხანოვი წარმოადგენენ.
№12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 139 989 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
რაც შეეხება ბათუმს, ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევთ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მათე ფუტკარაძე, ხოლო „ქართულ ოცნებას“ რამაზ ჯინჭარაძე წარმოადგენს.
№79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები 09:00, 13:00, 18:00 და 21:00 საათზეა ჩანიშნული.