ფინეთის პრემიერ-მინისტრი: NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ გაზაფხულზე მივიღებთ

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შესახებ სწრაფად უნდა მივიღოთ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სანა მარინმა  ეს განაცხადება სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გააკეთა. 

სანა მარინის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ აიძულა ჰელსინკი, გადაეხედა თავის უსაფრთხოების პოლიტიკისთვის და ეღიარებინა, რომ „რუსეთი არ არის ის მეზობელი, რომელიც ჩვენ გვეგონა“.

„NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ საფუძვლიანად, მაგრამ სწრაფად, ფაქტობრივად, ამ გაზაფხულზე", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უახლოეს კვირებში გაწევრიანების შესახებ დისკუსიებისას, გამოაცხადებს თავის პირად პოზიციას NATO-ს მიმართ.

2 აპრილს, ჰელსინკიში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგატები შეიკრიბნენ, რათა ჩამოეყალიბებინათ პარტიის პოზიცია NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

უკრაინაში ომის ფონზე, ფინეთის მოსახლეობაში NATO-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა იზრდება.

ცოტა ხნის წინ, ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას უსაფრთხოების სფეროში ორი ვარიანტი აქვს - გაწევრიანდეს NATO-ში, ან გააძლიეროს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შვედეთსა და შეერთებულ შტატებთან.

რუსეთი ემუქრება ფინეთს და შვედეთს, თუ სახელმწიფოები შეუერთდებიან ალიანსს. NATO ამბობს, რომ ალიანსის კარი ფინეთისთვის ღიაა.

ასევე წაიკითხეთ 

კვლევა: ფინეთის მოსახლეობის 61% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას

იენს სტოლტენბერგი: თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს