ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა.
ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგია 16%, ხოლო 23%-ს უჭირს პასუხის გაცემა.
NATO-ში გაწევრიანების მიამრთ ფინეთის მოქალაქეთა მხარდაჭერის მაჩვენებელი ყველაზე მაღალ დონეზეა მას შემდეგ, რაც გამოცემამ დაიწყო ამ გამოკითხვების ჩატარება.
წინა გამოკითხვაში, რომელიც 18-დან 23 მარტამდე პერიოდში ჩატარდა, NATO-ს მხარდამჭერთა რაოდენობა 54%-ს შეადგენდა.
რუსეთი ემუქრება ფინეთს და შვედეთს, თუ სახელმწიფოები შეუერთდებიან ალიანსს.
ცოტა ხნის წინ, ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას უსაფრთხოების სფეროში ორი ვარიანტი აქვს - გაწევრიანდეს NATO-ში ან გააძლიეროს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შვედეთსა და შეერთებულ შტატებთან. NATO ამბობს, რომ ალიანსის კარი ფინეთისთვის ღიაა.
ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.
დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.