საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
„ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბატონ დავითს აქვს უზარმაზარი გამოცდილება. 30 წელი ემსახურება ჩვენს ქვეყანას, საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. მას პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მიღებული მონაწილეობა 30 წლის განმავლობაში.
ჩვენი მთავრობის დროს ბატონი დავითი ჯერ მინისტრის მოადგილის, შემდეგ მინისტრის რანგში მონაწილეობდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ევროკავშირში თუ ნატოში ინტეგრაცია. ჩვენი გუნდის და მთავრობის სახელით, მინდა დათოს მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილია კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიტანოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.