2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და იმ ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2020-2022 წლებს მოიცავს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
„მნიშვნელოვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, რასაც მოწმობს ოპოზიციის ლიდერების დაკავებები, 2019 წლის ივნისისა და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების არაეფექტური გამოძიება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
შეფასებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2020 წლიდან სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებმა ხელი შეუშალა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას.
„კერძოდ, მოსამართლეთა ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე დანიშვნები, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის მარცხი და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები,“- აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „საქართველო რჩება რეგიონულ ლიდერად კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ბოლო წლებში შენელდა ანტიკორუფციული რეფორმები, მაღალი დონის კორუფციის ეფექტური გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა კი მთავარ გამოწვევად რჩება".