ზაფხულამდე მოსახლეობის 70 %-ის აცრა ამბიციური გეგმაა. ივლისამდე არ ვიცი, მაგრამ წლის ბოლომდე 70%-მდე უნდა ავიდეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან განცხადა.
„ხელისუფლებას და მთავრობას ნამდვილად არაფერი დაუკლია. სხვა ქვეყნების პრაქტიკაც რომ ვნახოთ, ვინ როგორ მოტივაციას უქმნიდა თავის მოსახლეობას, ყველა ეს შესაძლებლობა გამოყენებულია. ორი თვის განმავლობაში რეგიონებში ჩვენი 30-ზე მეტი მობილური ჯგუფი დადიოდა და თითქმის სახლებში სთავაზობდა აცრას. პლუს ფინანსური დაინტერესება, სხვადასხვა კამპანია, რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გამოვიყენეთ. ამ ფარგლებში 45%-ზე ავედით ორჯერადად აცრის. სხვა ქვეყნებში 70-80% - ია. საბოლოო ჯამში, იმუნური ფენა საკმაოდ კარგი გვაქვს, როგორც აცრილებში, ასევე გადატანილებში და აქედან გამომდინარეა, რომ პანდემია აღარ არის ისე, როგორ თვეების წინ”,- განაცხადა აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
ამასთან, 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.