იტალიამ ქვეყნიდან 30 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.
„ჩემი მითითებით იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა ეტორე სეკიმ, დღეს სამინისტროში დაიბარა იტალიაში რუსეთის ელჩი სერგეი რეზოვი, რათა ეცნობებინა იტალიის მთავრობის გადაწყვეტილება საელჩოში მომუშავე 30 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ, რადგან ისინი „პერსონა-ნონ-გრატად“ არიან გამოცხადებული“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, გუშინ გერმანიამ რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების შესახებ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს ლატვიამ და ლიეტუამ განაცხადეს, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ისინი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებენ. ეს ღონისძიება გულისხმობს ელჩების გამოწვევას.
ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო „ფეიკური თავდასხმა".
ასევე წაიკითხეთ:
სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას