საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას, ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების თაობაზე 

საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების თაობაზე. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია  აღნიშნული. 

კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ალბანეთი, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის ქვეყანა და პოტენციური კანდიდატი ბოსნია და ჰერცეგოვინა და EFTA-ს ქვეყნები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები, ასევე უკრაინა, მოლდოვა და საქართველო უერთდებიან დეკლარაციას.

დეკლარაცია მტკიცედ გმობს მხეცობას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში ჩაიდინეს.

„მტკიცებულებები მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაჭრილთა უზარმაზარი რაოდენობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევის შესახებ ჭეშმარიტ სახეს აჩვენებს ამ სასტიკი, აგრესიული ომისა, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. მასობრივი მკვლელობები ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში ევროპულ მიწაზე ჩადენილი მხეცობების სიაში შევა“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

ევროპული საბჭო მიიჩნევს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი რუსეთის მთავრობაა, რომელიც დანაშაულების ჩადენის მომენტში კიევის ოლქის ქალაქებს აკონტროლებდა და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი.

29 მარტს სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების“ შესახებ განაცხადა.

2 აპრილს უკრაინის თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარმა კიევის ოლქი დატოვა.ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.

ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას