„ანკარა განაგრძობს ძალისხმევას რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისთვის“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბრიუსელში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უახლესი ფოტოები და ვიდეო უკრაინის ქალაქებიდან, მათ შორის ბუჩადან, ჩრდილს აყენებს რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკების პროცესს.
ჩავუშოღლუმ უკრაინულ ბუჩაში მომხდარს მიუღებელი და არაადამიანური უწოდა. „ის, რაც ბუჩაში მოხდა, კაცობრიობის თვალსაზრისით სამარცხვინოა“, - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა.
მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარამ კონფლიქტის მხარეებს თურქეთში მოლაპარაკებების გაგრძელება შესთავაზა.
„თურქეთი ყველა პერიოდში მშვიდობისა და კანონიერების მომხრე იყო. ეს ომი ადრე თუ გვიან დასრულდება. რაც შეეხება სავარაუდო სცენარებს, ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების, შემდეგ კი პრეზიდენტების დონეზე იქნება შეხვედრა. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ეს შეხვედრები თურქეთში ჩატარდეს. ორივე მხარე მხარს უჭერს პრინციპულად ჩვენს ქვეყანაში მოლაპარაკებების გამართვის იდეას“, - განაცხადა მან.
თურქეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ყურადღება მარიუპოლში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა.
მან აღნიშნა, რომ ანკარა განაგრძობს მოლაპარაკებებს რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებასთან ამ ქალაქიდან საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებაზე.
6 აპრილს სერგეი ლავროვმა განაცახდა, რომ კიევი სტამბოლში შემოთავაზებულ შეთანხმების პროექტს შორდება.
29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.
უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.
უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ლიზ ტრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე: ჩვენ არავისი გვჯერა, არცერთი ლამაზი სიტყვის