აშშ-ის საელჩო: რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. როგორც 9 აპრილის 33 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან რუსეთის მიერ წინასწარგანზრახულ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ვინაიდან ხალხს კარგად ახსოვს გატეხილი პირობების, ძალადობისა და ოკუპაციის ისტორია რუსეთთან. 

„ამის გამოა, რომ ათობით ათასი ადამიანი გამოდის აქციებზე, აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას, მასპინძლობს და გვერდში უდგას უკრაინელ ლტოლვილებს. სამწუხაროდ, რუსული არმიის სისასტიკე საუკუნეებს ითვლის და აგრესორი მეზობლის ხელით საქართველოს თავისი წილი კოშმარი აქვს გამოვლილი. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ძალების მიერ დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრანტებზე თავდასხმისა და მათი დახოცვის სასტიკი ქმედება მწარე მოგონებად სამუდამოდ დარჩება. თუმცა, რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.