სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ცხინვალის რეგიონში დღეს მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და მათი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

„მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის პირობებში, ის ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ასობით ათასი გამოდევნილი პირი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ხოლო ადგილზე გრძელდება დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევები, რაც გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფით, ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით და სხვა უკანონო ქმედებებით“, – ნათქვამია განცხადეებაში.

ასევე წაიკითხეთ:

აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს