თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მერიას საგანგებო მდგომარეობის გამო მრავალი ტენდერის შეჩერება მოუწია, მათ შორის მიკროავტობუსების შესყიდვისთვის გამოცხადებულის.
"მინდა, დედაქალაქის მოსახლეობას დღევანდელი მდგომარეობა გავაცნო. თბილისის მუნიციპალიტეტს შემოსავლების ნაწილში დაახლოებით, 150 მლნ ლარზე მეტი დააკლდა და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ზოგიერთი პროექტის განხორციელებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ თანხით, რომელიც მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლებისგან სპეციალური ტრანფერის სახით ეძლევა, მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამას განვახორციელებთ, რაც მიგვაჩნია, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია“, - აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, მერიამ უკვე გამოაცხადა ბაზრის კვლევა.
„უახლოეს მომავალში კი გამოვაცხადებთ ტენდერს და მერია 300 ერთეულ მიკროავტობუსს კვლავ შეისყიდის. რაც შეეხება დანარჩენ პროექტებს, რომლებიც მსოფლიო პანდემიის გამო მუნიციპალიტეტის შემოსავლებით ვეღარ დაფინანსდება, უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან გვქონდა საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტები დაფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ“, - აღნიშნა კალაძემ.