არავის აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა დღესვე, ხვალვე, როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი, რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და დამატებით გამოთქვას სამძიმარი, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„არავის აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა დღესვე, ხვალვე, როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი, რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და დამატებით გამოთქვას სამძიმარი. პასუხი დღემდე არ მიგვიღია ჩვენი მეგობარი ქვეყნისგან, რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად, თითქოს საქართველო ამ ვითარებაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ოკუპანტ რუსეთთან; რატომ დაგვაბრალეს ისეთი ამორალური რამ, რასაც იარაღის კონტრაბანდა ჰქვია?! რატომ გაიწვიეს ელჩი, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა. საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უპრეცედენტო, შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე უჭერს მხარს უკრაინას და ამ ყველაფრის ფონზე რატომ განხორციელდბა დემარში? ამ ყველაფერზე პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია და ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი“, - განმარტა მდინარაძემ.
ცნობისთვის, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა, მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ იპოვეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი.
„რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ