ევროკავშირის კითხვარზე პასუხების მოსამზადებლად საქართველოს 4 კვირა აქვს, რაც ელჩ კარლ ჰარცელის შეფასებით, მცირე დროა. ელჩის განმარტებით, ეს არის ყველაზე სწრაფი პროცესი, რაც შეუძლია, რომ ევროკავშირს განახორციელოს. ჰარცელის თქმით, ეს კითხვარი შეიცავს საკმაოდ ბევრ, დეტალურად გაწერილ შეკითხვებს საქართველოს მთავრობისადმი, რომლის მიზანია, დაეხმაროს ევროკომისიას, შეაფასოს საქართველოს მზაობა ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
ელჩის შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც წინ წასწევს ევროინტეგრაციის პროცესს. ამის შესახებ კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრ ლუკას მანდლისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, „თბილისი მარიოტში“ განაცხადა.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ბურთი საქართველოს მოედანზეა, ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის, ახლა კი, დიდი და რთული სამუშაო იწყება. კარლ ჰარცელის შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მნიშვნელოვანი მომენტი დგას.
„ეს ისტორიული მომენტია, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პერსპექტივები იყოს გამოყენებული და გამოწვევები გადალახული. ეს არის მომენტი ყველა პოლიტიკური მხარისთვის, რათა მაქსიმუმი გააკეთონ, რომ ერთობა იყოს ამ მიზანთან მიმართებით და რაც საჭიროა, ყველაფერი გააკეთონ რეფორმების დღის წესრიგის და საქართველოს როლის, მზაობის, მისწრაფებების გააქტიურებით. მოსახლეობის ასეთი დიდი რაოდენობა ამ მისწრაფებას ემხრობა. ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის, დიდი და რთული სამუშაო იწყება“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურები, არამედ, ეს გახლავთ ძირითადი და ფუნდამენტური პროცედურები, ეს არის მოგზაურობა, გზა, რომელსაც საქართველო დაადგა, ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, ეს არის ის დღის წესრიგი, რომელსაც საქართველო წლების განმავლობაში ადგას.
„ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტია, როდესაც ყველა პოლიტიკურმა მხარემ, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა გაიგოს ეს მნიშვნელობა, რომ ეს მართლაც ისტორიული მომენტია და უზრუნველყოს, რომ შედეგი არამხოლოდ სიტყვები, არამედ ქმედებები იყოს", – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.