ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადაცემას, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრი ლუკას მანდლი რთული და მნიშვნელოვანი სამუშაოს დასაწყისად მიიჩნევს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი, სასამართლო, კანონის უზენაესობა და რეფორმებია.

ევროპარლამენტარის შეფასებით, ეს არ არის მოსაწყენი ბიუროკრატიული თხოვნა ევროკავშირისგან, ეს ევროკავშირისა და მისი მოსახლეობის ძირითადი ფასეულობა, დანაპირები და პირობაა მსოფლიოს მიმართ. ეს არის ძირითადი ფასეულობა და ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს კანონის უზენაესობით. ამიტომ, ეს პასუხები ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემის დღე. ეს არის დასაწყისი და ჩვენ უფრო მეტი დასაწყისები გვექნება მომავალში, როდესაც ვიქნებით ევროინტეგრაციის გზაზე. ეს გახლავთ დასაწყისი, როდესაც კითხვარი უნდა შეივსოს. ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, განსაკუთრებით საქართველოში ქართული გადაწყვეტილებების მიმღებების მხრიდან, ისევ მოქალაქეების სახელით და საქართველოს ინტერესებით.

აშკარაა, თუ რა არის საჭირო ევროკავშირის წევრობისთვის, არ არსებობს რაღაც რეცეპტი, გამოკვეთილი, გამზადებული მოდელი, ჩვენ ვიცით, რომ არის ხელშეკრულებები, კანონმდებობა, რაც არის ევროკავშირის ღერძი და როდესაც ევროკავშირი საუბრობს ფასეულობებზე, ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, ყველა ამ ღირებულებას აქვს თავისი დამატებითი შემავსებელი იდეები, მოსაზრებები, რომლებსაც ვცდილობთ, დავამკვიდროთ ჩვენს საპარლამენტო მოღვაწეობაში, ევროპარლამენტში მაქსიმალურად.

ამიტომ, ჩემთვის პატივია, მაქვს პრივილეგია, შევხვდეთ ასეთი უმაღლესი თანამდებობის პირებს საქართველოში, ქვეყნის პრეზიდენტს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის აგრეთვე ის, რომ საქართველოს პარლმენტის წევრებთან, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის ამოცანაა, მაგრამ რეალური პარლამენტის ფუნქცია არის, იყოს გადაწყვეტილებების და მოგვარების შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, რომ აგრეთვე შეიტანოს თავისი წვლილი ევროკავშირში გაწევრიანებაში და გააკეთოს ყველაფერი, თანამშრომლობა სხვადასხვა პარტიას შორის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მივაღწიოთ წარმატებას“, - განაცხადა ლუკას მანდლიმ.


ამავე თემაზე

კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის