ქრისტიანებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს ზეიმობენ, შობის ღამის აღნიშვნა შეზღუდვების პირობებში მოუწიათ. საქართველოს კათოლიკურ ტაძრებში საშობაო მესა „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე, საღამოს 9 საათამდე შესრულდა.
კათოლიკე ეკლესიამ არ გაიზიარა მთავრობის გადაწყვეტილება, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების ნებართვის მისაღებად წირვაზე დასწრების მსურველთა პირადი მონაცემები გადაეცა შესაბამისი სამსახურებისთვის.
„განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა?!“, - განაცხადა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ საშვების მისაღებად მიმართვისკენ მოუწოდა იმ კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ქრისტეშობა ტრადიციული ღამისთევის გარეშე აღნიშნა ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ღამის ღვთისმსახურებაში მხოლოდ სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.