საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით სერგეენკოს განცხადებით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ამ კვირის ბოლოს გაემგზავრება. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ჯერ არ არის დაზუსტებული, ვინ იქნებიან დელეგაციის წევრები, თუმცა ამბობს, რომ თავად ნამდვილად მიემგზავრება.
"ხაზს ვუსვამ, საპარლამენტო დელეგაციას უარი არც არასდროს უთქვამს და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ჩავიდეთ უკრაინაში. დღეს იყო კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც ეს საკითხი განვიხილეთ. ახლა მიდის კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან და დიდი ალბათობით, დელეგაცია გაემგზავრება ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს... დღეს საღამოს იქნება საბოლოო შეხვედრა და დელეგაციის შემადგენლობა გამოცხადდება... არც შეიძლება, რომ მე არ ვიყო დელეგაციაში, ბოლოს და ბოლოს სერგეენკო ვარ", - თქვა სერგეენკომ.
ცნობისთვის, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა, მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ იპოვეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი.
„რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.