ბორის ჯონსონს ლოკდაუნის დროს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმებენ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ხაზინის კანცლერმა რიში სუნაკმა დღეს მიიღეს შეტყობინება, რომ მეტროპოლიტენის პოლიცია მათზე ჯარიმების გაცემას აპირებს, - ამის შესახებ დაუნინგ-სტრიტის სპიკერმა დღეს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გაცემული ჯარიმები დაკავშირებულია ლოკდაუნის დროს მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების ჩატარების ბრალდებებთან. შემთხვევებს მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს.

გასულ კვირაში პოლიციამ გამოაცხადა, რომ გასცემდნენ 50-ზე მეტ ჯარიმას. ცნობილია, რომ ბორის ჯონსონი სამ ღონისძიებას დაესწრო. ერთ-ერთ წვეულებაზე ბორის ჯონსონის დასწრების შესახებ ინფორმაცია იანვარში BCC-მ გაავრცელა. პრემიერ-მინისტრმა მაშინ თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა განაგრძო. ჯონსონის თქმით, მას ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო. მთავრობის რეზიდენციაში წვეულებები მაშინ ჩატარდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ლოკდაუნი იყო დაწესებული.

ბორის ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა. 

ლოკდაუნის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება 2022 წლის იანვარში დაიწყო. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.