თეგი: ჯარიმა

„თელასი“ 50 000 ლარით დაჯარიმდა

საჯარო სხდომაზე კომისიამ სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. სემეკის განმარტებით, საქმე ეხება კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა. „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია, იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე.

ბორის ჯონსონს ლოკდაუნის დროს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმებენ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ხაზინის კანცლერმა რიში სუნაკმა დღეს მიიღეს შეტყობინება, რომ მეტროპოლიტენის პოლიცია მათზე ჯარიმების გაცემას აპირებს, - ამის შესახებ დაუნინგ-სტრიტის სპიკერმა დღეს პირდაპირ ეთერში განაცხადა. გაცემული ჯარიმები დაკავშირებულია ლოკდაუნის დროს მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების ჩატარების ბრალდებებთან. შემთხვევებს მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს. გასულ კვირაში პოლიციამ გამოაცხადა, რომ გასცემდნენ 50-ზე მეტ ჯარიმას. ცნობილია, რომ ბორის ჯონსონი სამ ღონისძიებას დაესწრო. ერთ-ერთ წვეულებაზე ბორის ჯონსონის დასწრების შესახებ ინფორმაცია იანვარში BCC-მ გაავრცელა. პრემიერ-მინისტრმა მაშინ თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა განაგრძო. ჯონსონის თქმით, მას ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო. მთავრობის რეზიდენციაში წვეულებები მაშინ ჩატარდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ლოკდაუნი იყო დაწესებული. ბორის ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა.  ლოკდაუნის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება 2022 წლის იანვარში დაიწყო.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

The Guardian: ბორის ჯონსონმა ლოკდაუნის დროს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლოკდაუნის დროს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა. ჯონსონმა თავისი საქციელისთვის ბოდიშიც მოიხადა და აცხადებს, რომ არც გადადგომას აპირებს. „დღეს მივიღე ქვითარი და დაუნინგ სტრიტზე 2020 წლის 19 ივნისის მოვლენების გამო ლონდონის პოლიციის მიერ დაკირებული ჯარიმა გადავიხადე. კიდევ ერთხელ გულწრფელად ვიხდი ბოდიშს“, - განაცხადა ჯონსონმა 12 აპრილს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ჯარიმის ქვითარი ჯონსონს, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრ რიში სუნაკუს და კიდევ ოფისის 30 თანამშრომელს გაუგზავნა, რომლებიც კარანტინის დროს კორპორაციულ საღამოზე იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ „კოვიდის“ კორპორაციული საღამოების შესახებ 2022 წლის ზამთარში გახმაურდა და ბორის ჯონსონთან მიმართებით კრიტიკა გამოიწვია. ბორის ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა.  ლოკდაუნის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება 2022 წლის იანვარში დაიწყო.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ  ბორის ჯონსონს ლოკდაუნის დროს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმებენ

მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრის შემთხვევების გახშირების გამო, ამ მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა. მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1 000-დან 10 000 ლარამდე. „ყველამ კარგად იცით რამხელა მნიშვნელობა აქვს ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას და რამხელა ყურადღებას უთმობს ქალაქის მთავრობა მათ არსებობას, განახლებას, ჩანაცვლებას. შეიძლება ითქვას, რომ რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები თბილისელების და ჩამოსული სტუმრების საყვარელ ადგილებად იქცა, თუმცა, გვაქვს გარკვეული პრობლემები გამწვანების მიმართულებით, რადგან ძალიან ხშირად ფიქსირდება ისეთი ფაქტები, რომ ხდება უნებართვოდ ჭრები, ხეების მიზანმიმართულად დაზიანება. შესაბამისად, გვინდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მიდგომები კიდევ უფრო გავამკაცროთ. მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება და დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით, შევძლებთ არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას. შემოთავაზებული ცვლილებით, გამკაცრდება კანონმდებლობა უკანონო ჭრებისთვის და გაიზრდება 500 ლარიდან 5 000 ლარამდე, ხოლო განმეორებითი ჩადენის შემთხვევაში, 1 000-ლარიანი ჯარიმა გაიზრდება 10 000 ლარამდე“, – აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შეიცვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი, ასევე, იმ ადგილებზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება. „რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ვერ დგინდება უნებართვოდ მოჭრილი მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, ამ შემთხვევაში, ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5 000 ლარი. აღნიშნული საკანონმდებლო პროექტით, ასევე, იცვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი და კატეგორიების მიხედვით არსებული შემასწორებელი კოეფიციენტები სამმაგდება. ასევე, იმ ადგილებზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება და მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები მშენებლობის დროს ნარგავებს ჭრიან წინასწარ ან აფუჭებენ. შემდეგ მოდიან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში და ითხოვენ ნებართვის მიღებას. არცერთ ასეთ შემთხვევაზე არ მოხდება ნებართვის გაცემა და არ მიეცემათ პირებს მშენებლობის უფლება, სადაც მწვანე ნარგავი წინასწარ დაზიანებული ან მოჭრილი იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებითაც გამკაცრდება კანონმდებლობა. კერძოდ, თუ ექსპერტი წარმოადგენს არასწორ დასკვნას, იგი დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით არასწორი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, საქმიანობის უფლება საერთოდ შეუჩერდება და ვეღარასდროს გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული რეგულაციების დროულად ამოქმედების უზრუნველსაყოფად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალება საკანონმდებლო პროექტების წარდგენა საკრებულოსა და პარლამენტის წინაშე.  

„ალტ-ინფო“ სასამართლომ 216 ათასი ლარით დააჯარიმა

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო) სასამართლომ 216 ათასი ლარით დააჯარიმა. მანამდე, პარტიის წინააღმდეგ სასამართლოს აუდიტის სამსახურმა მიმართა. აუდიტის სამსახური აცხადებდა, რომ 2021 წლის დეკლარაცია არასწორად იყო შევსებული. კერძოდ, პარტია უთითებდა, რომ დეკემბერში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონია, სწორედ ამ დროს გახსნა პარტიამ ოფისები. გარდა ამისა, საუბარი იყო არაფულადი შემოწირულებების დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებებზე - ბრენდირებული მასალის დაბეჭდვასა და რეგიონული ოფისების რემონტზე. იყო შემთხვევები, როცა პარტიამ ოფისი ხელშეკრულების გარეშე იქირავა. საუბარი იყო 72 ათას ლარზე. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.  

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფატზე 500 ლარით დააჯარიმა

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 500 ლარით დააჯარიმა. ბიზნესმენს გამოძიება მარიხუანას შეძენა-შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას ედავებოდა.  თავად ბრალდებული სასამართლოს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, მან სასამართლოს განუცხადა, რომ შანტაჟის მსხვერპლია. გალიფ ოზთურქის ადვოკატმა თენგიზ კახიძემ სასამართლოს ექპერტიზის დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც დგინდება - გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა. ცნობისთვის, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.  

სემეკმა შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.  დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის რეგულაციების უგულებელყოფა და შეუსრულებლობა. კერძოდ, შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტმა“ არ შეასრულა „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესებით“ გათვალისწინებული ვალდებულებები და დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში სემეკში არ წარადგინა საქმიანობის ანგარიშგების შესახებ ინფორმაცია. საჯარო სხდომაზე შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ მიეცა გაფრთხილება, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში დაეკისრება გაორმაგებული ჯარიმა.  

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილება შს სამინისტროს ინიციატივით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ხორციელდება, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის ტექნიკური მახასიათებლები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის დონის შემოწმების წესი კი - შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. ზემოთ აღნიშნულია გარდა, პროექტით, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან ხმოვანი სიგნალის, ასევე სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დაწესდება – 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა. აღნიშნული ცვლილებების ინიციატორია შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროექტის ინიცირება, 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება. ასევე წაიკითხეთ: დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინების მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისას 500-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული  

სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა

სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა. გიორგი ძაგნიძეს ქვეყანა დატოვებული აქვს, მასთან კომუნიკაცია სასამართლომ სოციალური ქსელის მეშვეობით დაამყარა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი ჯარიმის ამონაწერის ჩაბარებას არ აპირებდა. ამასთან, ძაგნიძის ოჯახი წევრები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.  

სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის ჯარიმები დაწესდება

სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის ჯარიმები დაწესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მთავრობამ მოამზადა, რომელიც პარლამენტს წარუდგინა. ცვლილებების მიხედვით, სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის, ასევე მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების გამო ფიზიკური პირი – 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი – 1 000 ლარით დაჯარიმდება. ცნობისთვის, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციული ჯარიმა დადგენილია ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრისა და მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვის შემთხვევებზე.  

ალექსანდრე დარახველიძე: ე.წ. ჭკვიანი კამერები აღიქვამს რუსულ ნომრებს, თუმცა სირთულეს ქმნის ის, რომ ჯარიმა საცხოვრებელ მისამართზე უნდა გაიგზავნოს

ე.წ. ჭკვიანი კამერების სისტემა აღიქვამს რუსულ ნომრებს, თუმცა არის გარკვეული სამართლებრივი პრობლემა, როდესაც ვიდეოჯარიმით ხდება პირის დაჯარიმება, უნდა გაიგზავნოს მის საცხოვრებელ მისამართზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. შსს: ლარსის საბაჟო პუნქტზე მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა „ე.წ. ჭკვიანი კამერების სისტემა აღიქვამს ამ ნომრებს და ხდება ფიქსირება და დაჯარიმება, თუმცა არის გარკვეული სამართლებრივი პრობლემა, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ვიდეოჯარიმით ხდება პირის დაჯარიმება, უნდა გაიგზავნოს მის საცხოვრებელ მისამართზე, ეს გარკვეულ სირთულეს ქმნის. რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს და ეფექტური აღსრულება მოხდეს. თუმცა ის, რომ „ჭკვიანი კამერები“ რუსულ ნომრებს ვერ აფიქსირებს ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ, აფიქსირებს და ახდენს დაჯარიმებას. საუბარია აღსრულების მექანიზმების დახვეწაზე. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ“, – აცხადებს დარახველიძე. რამდენი მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ - შსს სტატისტიკას აქვეყნებს შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლის მონაცემის გაჟონვისთვის, Meta $277 მილიონით დაჯარიმდა

Bloomberg-ის ცნობით, ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ, რომელიც ევროკავშირის კონფიდენციალურობის მთავარი დამკვირვებელია, აშშ-ს მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია Meta, ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის გაჟონვისთვის $277 მილიონით დააჯარიმა.  მედიის ცნობით, გამოძიება ეხებოდა ჰაკერულ ვებსაიტზე პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებას Facbook-ის 533 მილიონი მომხმარებლის შესახებ მათი ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების ჩათვლით. კომპანიის განცხადებით, პრობლემა აღმოაჩინეს და  ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოფხვრეს. ჯარიმის გამოცხადების შემდეგ, Meta-მ განაცხადა, რომ ადამიანების მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა ამ ბიზნესის ფუნქციონირებისთვის ფუნდამენტურია და კომპანია სრულად თანამშრომლობს მარეგულირებლებთან.  

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 75 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა. სემეკის ცნობით, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევა. "მიმდინარე წლის 20 მარტს, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სემეკს მომართა წერილით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ოსიაურის ქუჩაზე, 2022 წლის 8 აპრილს წყალსადენის ქსელზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია გზის დამჭერი საყრდენი კედლის ჩამოშლა, რის შედეგადაც დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი, ელექტროგადამცემი ხაზები და მწვანე ნარგავები. ჩუღურეთის გამგეობის წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ დაუყოვნებლივი კომუნიკაციისა, პრობლემა არ აღმოიფხვრა. წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, ოსიაურის ქუჩაზე სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2022 წელს ჩატარდა 8 ტენდერი, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენდა ტენდერში მონაწილეთა მიერ ნორმირებულზე მაღალი ფასების დასახელება. სემეკის შეფასებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები, რამაც გამოიწვია ოსიაურის ქუჩაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა, უზრუნველყოს ოსიაურის ქუჩაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიები დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 8 მცირე გაზგამანაწილებელი კომპანია, რეგულაციებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. "75 000 ლარით დაჯარიმდა შპს „მამედი“ - კომპანია მარნეულის რაიონის მომხმარებელს ბუნებრივ გაზს აწვდიდა თვითნებურად დადგენილი ტარიფით, რაც აღემატებოდა სემეკის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ზღვრულ ტარიფს. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „მამედის“ ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმე შესასწავლად გადაეგზავნა სამართალდამცავ უწყებებს. კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „აკრიანი 2006“, შპს „დიდი დიღომი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 – 10 000 ლარით დაჯარიმდნენ. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის მიწოდება, ქვითარში სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ტარიფების მითითება და კომისიისთვის არაზუსტი ანგარიშგების ფორმების წარდგენა. 5 000 – 5 000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ენერგია +“. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის წარდგენა. ასევე 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „ვარკეთილაირი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „ეს ჯი გაზ კომპანი“. დაჯარიმება განპირობებული იყო მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის წარდგენით, ქვითარში სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ტარიფების მითითებით და კომისიაში არაზუსტი ანგარიშგების ფორმების წარმოდგენით. სხვადასხვა რეგულაციების მოთხოვნათა დარღვევისთვის გაფრთხილება მიეცა შპს „გამა“-ს, შპს „გასკო +“-ს, “ შპს „გოგოჭური და კომპანიას“, შპს „ენერგოკავშირს“, შპს „ყამარი მ“-ს, შპს „საჩხერეგაზს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმა 20-დან 150 ლარამდე იზრდება

კანონპროექტის მიხედვით, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა, გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. პროექტით, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა). ამასთან, ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.  

შავი ზღვის დაბინძურებისთვის ჯარიმა 65 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები მკაცრდება. შესაბამისი განცხადება მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ კომენტარის დროს გააკეთა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაბინძურების შემცირების მიმართულებით, ისე ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა. შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება - 65 000-ლარიანი ჯარიმა იზრდება და ხდება 100 000 ლარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა, სხვა გარემოსდაცვით კანონმდებლობის დარღვევებთან მიმართებაში პრევენცია. სწორედ აქედან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ზომების მიღება სანქციების გამკაცრების მიმართულებით. ძალიან აქტიურად ვახორციელებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გადაიარაღებასა და ტექნიკურ აღჭურვას, რათა მათი მუშაობა იყოს უფრო ეფექტიანი; მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრევენცია და წელს უკვე რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, უკანონო ტყით სარგებლობის, მოპოვების, ტრანსპორტირების მიმართულებით გავამკაცრეთ სანქციები. ეს ყველაფერი ემსახურება ბიომრავალფეროვნების მაქსიმალურ დაცვას," - განაცხადა ოთარ შამუგიამ. უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების უმეტესობა ჩადენილია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ გასულ წელს გამოვლენილი 63 სამართალდარღვევიდან, 21 სწორედ გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტია. 2023 წელს კი, დღეის მონაცემებით, გამოვლენილია 65 სამართალდარღვევა. მათგან 16 შემთხვევაში ზღვა გემებიდან დაბინძურდა. "შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით დადგინდა, რომ ამ ქვეყნებში, საქართველოსთან შედარებით, მკვეთრად მაღალი საჯარიმო სანქციებია. შესაბამისად, შავი ზღვის ქვეყნებთან ზღვის დაბინძურების კუთხით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზების მიზნით, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის დაბინძურებისთვის საჯარიმო სანქციის გაზრდას - 65 ათასი ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება ჯარიმა გემებიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, პლატფორმიდან, მილსადენებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე," - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.