საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, მარინ ლე პენი, რომელიც 24 აპრილს მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დაუპირისპირდება, ამბობს, რომ ეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუმცა არა ნავთობისა და გაზის სექტორში.
ლე პენმა BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ სურს საფრანგეთის მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოცადოს გაზსა და ნავთობზე დაწესებული სანქციების შედეგები. საფრანგეთი, როგორც ევროპის ქვეყანების დიდი ნაწილი, ძირითადად რუსული ბუნებრივი აირით მარაგდება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ულტრამემარჯვენე კანდიდატ ლე პენს ხშირად აკრიტიკებენ რუსეთთან და ვლადიმირ პუტინთან ახლო კავშირების გამო.
ევროკავშირმა სანქციების ხუთი პაკეტი დაუწესა რუსეთსა და ბელარუსს. სანქციები შეეხო რუსეთის 1000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს და ეკონომიკის მთელ დარგებს. უკანასკნელი პაკეტით აიკრძალა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი და ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის სატვირთო ტრანსპორტის შესვლა.
მანამდე რუსეთის ენერგორესურსებს სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა.
ასევე წაიკითხეთ
ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. რას ითვალისწინებს მე-5 პაკეტი