24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეკონომიკური ზეწოლის მიზნით, ევროკავშირმა სანქციების მე-5 პაკეტი მიიღო.
„ბოლო სანქციები მივიღეთ რუსეთის არმიის მიერ ბუჩასა და სხვაო კუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი მხეცობის შემდეგ. ჩვენი სანქციების მიზანია, შევაჩეროთ რუსული ჯარის უგუნური, არაადამიანური და აგრესიული ქცევა და კრემლში გადაწყვეტილების მიმღებები მივახვედროთ, რომ მათი უკანონო აგრესია ძვირად დაუჯდებათ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.
რას ითვალისწინებს სანქციების მე-5 პაკეტი
იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ამ დროისთვის ევროკავშირში ქვანახშირის იმპორტი წელიწადში 8 მილიონ ევროს შეადგენს. იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა.
იკრძალება ნებისმიერი რუსული და ბელორუსიის ავტოტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვა ევროკავშირის ფარგლებში და მათ შორის ტრანზიტი. გამონაკლისია ფარმაცევტული, სამედიცინო, სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქცია. მათ შორის ხორბალი და ავტომობილები, რომლებიც ჰუმანიტარული მიზნებისთვისაა საჭირო.
იკრძალება რეაქტიული საწვავის, კვანტური კომპიუტერების, მოწინავე ნახევარგამტარების, მაღალი ხარისხის ელექტრონიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, მგრძნობიარე მანქანების და სატრანსპორტო აღჭურვილობის იმპორტი. ახალი აკრძალვები ეხება ისეთი პროდუქტების იმპორტს, როგორიცაა ხე, ცემენტი, სასუქი, ზღვის პროდუქტები და ალკოჰოლი. შეთანხმებული ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვები, შესაბამისად, 10 მილიარდ ევროს და 5,5 მილიარდ ევროს შეადგენს.
ამის გარდა ევროკავშირი დაუწესებს სანქციებს იმ კომპანიებს, ვისმა პროდუქციამაც და ტექნოლოგიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე გავლენა იქონია.
სანქციები ეხება კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებს, ბიზნესმენებს, ასევე სანქცირებულთა ოჯახის წევრებს.
ამასთან, სრულად აიკრძალა ოთხი რუსული ბანკის ტრანზაქციები, რომელთაც საბანკო ბაზრის 23%-ი უჭირავთ.
სანქციებისთვის გვერდის ავლის პრევენციის მიზნით, ახალი პაკეტით ასევე გაფართოვდა კრიპტოვალუტების გამოყენებასთან დაკავშირებული აკრძალვები.
ევროკომისიის განაცხადებით, ახალი სანქციების პაკეტის ფარგლებში, დამატებით 217 ადამიანი დაემატა ევროკავშირის შავ სიას, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირში მათი აქტივები გაიყინება და ისინი დაექვემდებარებიან ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას.
ჯამში ევროკავშირის მიერ სანქცირებული ადამიანების რაოდენობა 900-მდე გაიზარდა.
ბლოკი განიხილავს დამატებით სანქციების დაწესებას, მათ შორის ნავთობის იმპორტთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ენერგეტიკულ იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება მისი პრიორიტეტია.
აშშ-მ 7 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გაასაჯაროვა.
უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.
შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ
დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს