უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ისარუბა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერს შალვა პაპუაშვილს კიევში შეხვდება.
„მე მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი მოვიწვიე იმისთვის, რომ ისინი ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი. ხვალ, მასთან მექნება სატელეფონო საუბარი და მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო მოწვევა. მზად ვარ, მასთან განვიხილო ყველა დეტალი, მისი უკრაინაში ვიზიტისას. მე ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა, შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, როლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ დელეგაციას, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას. ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას იმას, რომ დელეგაციის ვიზიტი წარიმართოს წარმატებით, რომ ჩვენმა კოლეგებმა, პარლამენტარებმა საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა „იმედის“ ეთერში.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. შეგახსენებთ, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა პარლამენტში 12 აპრილს გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელიც უკრაინას უნდა ეწვიოს, „ქართული ოცნებისა“ და ყველა ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლებისგან შედგება. ჯერჯერობით უცნობია, დელეგაციას უხელმძღვანელებს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის ხათუნა ხამნიძის თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ დელეგაციის ვიზიტი გაიმართება უკრაინაში და რომ ეს საორგანიზაციო საკითხები ძალიან სწრაფად მოგვარდეს. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ამ დროისთვის შეთანხმებულები არიან, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი იქნება დელეგაციაში. უფრო მეტი დეტალი 13 აპრილს გახდება ცნობილი.
8 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს.
ასევე წაიკითხეთ