შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 25 აპრილიდან "B“ და „BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ახალი სტანდარტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, მსურველები აღნიშნული პრაქტიკული ნაწილის ჩაბარებას შემდეგ ქალაქებში შეძლებენ: რუსთავი, გორი, თელავი, ფოთი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 25 აპრილიდან "B" და "BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთის და ბათუმის სამსახურებში შეძლებენ.
რაც შეეხება ზუგდიდის სამსახურს, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება შესაძლებელი იქნება შესაბამისი სამუშაოების დასრულებისთანავე.
ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება.
სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია: უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით; ვებგვერდის მეშვეობით; მობილური აპლიკაციის საშუალებით.
მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემთხვევაში, მომდევნო გამოცდაზე გასვლა შესაძლებელი იქნება რიგის დაჯავშნით, არაუადრეს 30 დღისა.
365 დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.