შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისა კაირატ აბდრახმანოვთან შეხვედრა გამართა.
უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა უმაღლეს კომისარს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარება. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მათი ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ დარღვევებს, რაც გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით და სხვა უკანონო ქმედებებით.
"სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა უმაღლეს კომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, ნდობის აღდგენის, ჩართულობის და დიალოგის გზით, რაც ახლებურ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა.
თეა ახვლედიანმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ, დეტალურად მიმოიხილა სამოქალაქო ინტეგრაციის ის უნიკალური მექანიზმები და ინსტრუმენტები, რომლებიც არაერთი წელია წარმატებით ფუნქციონირებს. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა ფარგლებშიც მომდევნო წლების განმავლობაში კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებები განხორციელდება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.