რუსლან სტეფანჩუკი: მოხარული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა

უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა მზაობა, ეწვიოს უკრაინას საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად. ძალიან მოხარული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტის წევრებს, საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას! მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამოვძებნით შეხების წერტილებს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი მომავლის ერთად შენება. ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს ის, რაც გვაერთიანებს, ვიდრე ის, რაც გვყოფს“, - წერს სტეფანჩუკი.

13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარესთან შეთანხმდა, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე შეხვდება. 

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

ასეევე წაიკითხეთ

შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია