კვიპროსმა ოთხ რუს ოლიგარქსა და მათი ოჯახის წევრებს მოქალაქეობა ჩამოართვა

კვიპროსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოთხ რუს ოლიგარქს და მათი ოჯახის წევრებს მოქალაქეობა ჩამოართვა. პასპორტებს კვიპროსის 21 მოქალაქეს ჩამოართმევენ.

კვიპროსზე რუსებისთვის „ოქროს პასპორტების“ ჩამორთმევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირმა სანქციები დააწესა. სანქციები ამ მოქალაქეებზეც გავრცელდა.


მედიის ცნობით, კვიპროსის მოქალაქეობა მიხაილ გუცერიევს, ალექსანდრე პონამარენკოს, ვადიმ მოსკოვიჩს და ალექსეი კუზმიჩევსა და მათი ოჯახის წევრებს ჩამოერთვათ. ეს ოლიგარქები ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვას წარმოადგენენ. მათ კვიპროსის  მოქალაქეობა 2013-2019 წლებში მიიღეს. კვიპროსის მოქალაქეებს „ოქროს პასპორტის“ ფარგლებში ქვეყანაში 2,5 მილიონი ევროს ინვესტირება უნდა მოეხდინათ. ამის შედეგად, ისინი ევროკავშირში თავისუფალი მოგზაურობის უფლებას მოიპოვებდნენ. კვიპროსი მდიდარი რუსებისთვის ერთ-ერთი სასურველი ადგილია. იქ შესაძლებელია დასვენება და ამავდროულად, ფინანსურ ცენტრსაც წარმოადგენს.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.