საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებს და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნება.
„უკრაინაში ვიზიტი გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დელეგაციასთან ერთად, სადაც განსხვავებით სხვა დელეგაციებისგან, სადაც თანაფარდობა უფრო სხვაა, ოპოზიციას შევთავაზე თანაბარი თანაფარდობა - სამ უმრავლესობის მხრიდან, სამი - ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შეთავაზებას ჯერჯერობით არ იზიარებენ“,- ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„უკვე გვაქვს შეთანხმება უკრაინის რადას თავმჯდომარესთან. ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც, როგორც სხვა შემთხვევებშიც, არის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ხოლმე. სწორედ ამ შემთხვევაშიც, შევთავაზე ოპოზიციას, რომ მათი წარმომადგენლებიც იყვნენ საპარლამენტო ჯგუფში. სოლიდარობის გამოცხადება საქართველოს პარლამენტის ბევრ წევრს სურს. დელეგაციასთან დაკავშირებით, შეთავაზება გვქონდა რომ ისევე, როგორც სხვა დროს ხდება, წარმოდგენილნი იყვნენ უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე, თანაბარი რაოდენობით იყვნენ ოპოზიციიდანაც წარმოდგენილები. სამი იყოს უმრავლესობიდან, სამი-ოპოზიციიდან. სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იზიარებს.
მთავარია, რომ ეს დელეგაცია შედგეს. სამწუხაროა, რომ შიდაპოლიტიკური თემები, როგორც ჩანს, ჭარბობს ხოლმე იმ მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ იქ მივემგზავრებით იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ადამიანებს სოლიდარობა, გავიზიაროთ მათი წუხილი და ეს არანაირად არ უნდა იყოს დაკავშირებული შიდაპოლიტიკურ სიჭრელესთან თუ მრავალფეროვნებასთან. სწორედ ეს გახლავთ ამ ვიზიტის მიზანი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა.
13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარესთან შეთანხმდა, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე შეხვდება.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასეევე წაიკითხეთ
შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია