ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ექსპერტებმა უკრაინაში 24 თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე განვითარებულ მოვლენებზე 108 გვერდიანი ანგარიში მოამზადეს. სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებზე მტკიცებულებები არსებობს.
ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ რუს სამხედროებს მარიუპოლში სამშობიარო სახლისა და დრამატული თეატრის დაბომბვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ორივე შემთხვევაში, ეუთოს წარმომადგენლების შეფასებით, მომხდარზე პასუხისმგებელმა პირებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. მარიუპოლში თეატრის დაბომბვისას 300 ადამიანი დაიღუპა. ეს ფაქტი ეუთოს ექსპერტებმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის „უხეშ დარღვევდ“ შეაფასეს.
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ „მიზანმიმართული მკვლელობა“ და „ძალადობა, სამოქალაქო პირების გაუჩინარება ან გატაცება“, [მათ შორის ჟურნალისტებისა და სახელმწიფო მოხელეების], რაც რუსეთის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, ალბათ უნდა მიენიჭოს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია.
„ანგარიშში ასევე დასაბუთებულია უკრაინაში რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. აქ ჩართულია მტკიცებულებები სამოქალაქო პირებზე თავდასხმისას. კერძოდ , წარმოდგენილია მტკიცებულებები გაუპატიურების, სიკვდილით დასჯის, ძარცვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის რუსეთში დეპორტაციის ფაქტებზე“, - განაცხადა ეუთოში აშშ-ს ელჩმა მაიკლ კარპენტერმა.
ანგარიშში ასევე შესულია მონაცემები ბუჩაში და კიევის ოლქის სოფლებში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების ფაქტებზე, რომელთა შესახებაც აპრილის დასაწყისში გახდა ცნობილი. მარტის ბოლოს ეუთომ ვერ შეძლო უკრაინაში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მანდატის განახლება რუსეთის პოზიციის გამო. ეუთოს მისია დონბასში კონფლიქტის ზონაში 2014 წლიდან მუშაობს.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს