თბილისის მერია საახალწლო კონცერტის გასამართად 400 000 ლარს მიიღებს. - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავას თქმით, ეს თანხა კულტურის მოღვაწეებისა და მუსიკოსების ჰონორარებს მოხმარდება და მათ პანდემიის დროს შემოსავლის მიღებაში დაეხმარება, რადგან პანდემიამდე, ისინი ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო ღონისძიებებში, თუმცა არსებული შეზღუდვების გამო, მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას.
„მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ეს ეხება ჩვენი კულტურის მოღვაწეებს, მუსიკოსებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვეულებრივ დროს, პანდემიამდე, ისინი ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო, საკონცერტო ღონისძიებებში, რომლებიც იმართებოდა, როგორც სხვადასხვა სასტუმროში, ასევე სხვადასხვა რესტორანში მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღესდღეობით, ჩვენი კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები, მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას, ვინაიდან, არსებული შეზღუდვების გამო, იცით, რომ არ იფუნქციონირებენ რესტორნები, ჩვენ, ასევე, მკაცრად ავუკრძალეთ სასტუმროებსაც საახალწლო, საკონცერტო ღონისძიებების გამართვა, ეს არის აკრძალული.
შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი, იმისთვის, რომ მან, თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში ჩართოს რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსი, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები. იცით, რომ ქალაქ თბილისის მერია გეგმავს სხვადასხვა საახალწლო, საკონცერტო პროგრამას, რა თქმა უნდა, უსაფრთხო რეჟიმში, მაყურებლის გარეშე, რომელიც გადაიცემა ტელევიზიით და ვფიქრობთ, რომ ძალიან სწორი, კარგი და დროული გადაწყვეტილებაა, რომელიც გაუხარდება ძალიან ბევრ კულტურის მოღვაწეს ამ რთულ ვითარებაში და ამ შეზღუდვებში, ვინც, რა თქმა უნდა, დაზარალდა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.