უკრაინაში ომმა კაცობრიობის მეხუთედზე მეტი შესაძლოა, სიღარიბისა და შიმშილის იმ მასშტაბამდე მიიყვანოს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„უკრაინაში ომმა შეიძლება, კაცობრიობის მეხუთედზე მეტი ჩააგდოს ისეთი მასშტაბების სიღარიბესა და შიმშილში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. ომისა და მისი შედეგებიდან ერთადერთი მდგრადი გამოსავალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ხალხისთვის არის მშვიდობა“, – დაწერა გუტერეშმა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.