გულწრფელად ვაფასებთ ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მის წვლილს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც საქართველო ისტორიულ პროცესში იმყოფება, რაც გამოიხატება ევროკავშირში წევრობის შესახებ განაცხადის წარდგენით, პარტნიორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„მჯერა, სიმბოლურია, რომ სტრასბურგის, ბრიუსელისა და ლუქსემბურგის შემდეგ ჩამოვედი ჩეხეთში მაშინ, როდესაც თქვენი ქვეყანა ემზადება ივნისში ევროკავშირის თავმჯდომარეობისთვის. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ პროცესში, რაც გამოიხატება ევროკავშირში წევრობის შესახებ ჩვენი განაცხადის წარდგენით. თავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის საბჭომ სწრაფად გადასცა სამი ასოცირებული ქვეყნის განაცხადი ევროკომისიას შეფასების მოსამზადებლად, რის შემდეგაც ევროკომისიამ უპრეცედენტოდ მოკლე დროში მოამზადა და გადმოგვცა კითხვარები, არის ჩვენი არჩევანისადმი ძლიერი მხარდაჭერის ნიშანი.
ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა არის რთული და გრძელი. ამავე დროს, ჩვენი სიმტკიცე ძლიერია და ჩვენ მზად ვართ, გავიაროთ ეს გზა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.