პაატა იმნაძე: დღეში 22000 ტესტის ჩატარება შეგვიძლია, მაგრამ სამწუხაროდ, მომართვიანობა 14000-მდე ჩამოვიდა

"ჩვენ ქვეყანას თავისუფლად შეუძლია 20-22000 ტესტირება დღეში, სამწუხაროდ 14000-მდე ჩამოვიდა", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გამოკვლევებზე მიმართვიანობა მცირდება. ვთხოვ ყველას, ვისაც სიმპტომები ექნება, შესაბამის ცენტრებს აუცილებლად მიმართონ. ჩვენ ქვეყანას თავისუფლად შეუძლია 20-22000 ტესტირება დღეში, სამწუხაროდ 14000-მდე ჩამოვიდა. თავდაპირველად ადამიანები აქტიურად მიდიოდნენ, ახლა ეტყობა, რომ ნაკლებად მიდიან. ძალიან ვთხოვ, ვისაც მცირე სიმპტომები მაინც ექნება, აუცილებლად მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, იგეგმება საეჭვო შემთხვევების გამოკვლევა და აღმოჩენის შემთხვევაში კორონავირუსის ახალი შტამის სეკვენირება.

„ჩვენ ვაკეთებთ ვირუსების სეკვენირებას. მსოფლიოს პირველ 20 ქვეყანაში ვიყავით, ვინც სეკვენსი გააკეთა და ატვირთა მსოფლიო ბაზაში. ლუგარის ცენტრში ეს მუშაობა გრძელდება. ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომელიც შესაძლოა, იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს. ამას გავაკეთებთ, მაგრამ არავითარი დიდი განსხვავება ახალ შტამსა და ძველ შტამს შორის, მაშინ როდესაც ჩვენ 2-3 კვირის წინ რეკორდი მოვხსენით და ვიყავით პირველები გავრცელებით, არ არის. აქედან გამომდინარე, არ მგონია ახალმა შტამმა რაიმე შეცვალოს გარდა იმისა, რომ უნდა დავიცვათ პირბადე და დისტანცია. 70%-მდეა მისული ყველა საერთაშორისო შეფასებით ჩვეთან პირბადის ტარება, თუ ამას ავწევთ და 95-ს მივაღწევთ, არავითარი შეზღუდვა აღარ დაგვჭირდება, ახალი შტამისგანაც დაგვიცავს და ძველისგანაც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.