კიევმა უარყო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ვიზიტზე უარი განუცხადა. ზელენსკის თქმით, გერმანიას უკრაინისთვის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტზე ოფიციალურად არ მოუმართავს. „კიევში ვიზიტზე მომართვა არ ყოფილა არც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის და არც მისი ოფისის მხრიდან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა სერგეი ლეშჩენკომ CNN-თან ინტერვიუში უარყო ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ვიზიტზე გერმანიის პრეზიდენტს უარი განუცხადა.
ეს ინფორმაცია გერმანულ გამოცემა Bild-ში გამოქვეყნდა.
12 აპრილს შტაინმაიერმა განაცხადა, რომ კიევში, პოლონელ კოლეგასთან, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად ჩასვლას გეგმავდა, რათა „უკრაინისთვის ევროპული სოლიდარობის მძლავრი სიგნალი გაეგზავნა, თუმცა ეს არ ისურვეს კიევში“.
მანამდე გამოცემა Bild-მა დაწერა, რომ კიევში შტაინმაიერის ვიზიტის გაუქმების მიზეზი გერმანიის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობა და პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს მხარდაჭერა გახდა.
11 აპრილს პოლონეთში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ვერ შეძლებს, ვიდრე მის სათავეში ვლადიმერ პუტინია. ამასთან შტაინმაიერმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება და დოკუმენტურად დასაბუთება განხორციელდეს.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
BILD: შტაინმაიერი კიევში ჩასვლას გეგმავდა, ზელენსკიმ კი მასთან შეხვედრაზე უარი თქვა