როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა. მანამდე პენტაგონმა ფოტომასალაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 13 აპრილს კრეისერზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

აშშ-ს ახლა არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ დაადასტუროს, რამ გამოიწვია რუსეთის ფედერაციის ფლოტის კრეისერ „მოსკვაზე“ მომხდარი, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ, - თქვა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ MSNBC-თან ინტერვიუში. 

რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ.

14 აპრილს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ძირითადი სარაკეტო შეიარაღება არ დაზიანებულა. 

არიან თუ არა კრეისერზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები ან დაღუპულები, ამ საკითხს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში არ აზუსტებენ. კრეისერის ბორტზე სავარაუდოდ, ეკიპაჟის 680 წევრი იმყოფებოდა. რუსული მედიის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კრეისერის ეკიპაჟი 416 ან 510 ადამიანისგან შედგებოდა. კონკრეტულად რა ადგილზე იმყოფებოდა შავ ზღვაში კრეისერი შემთხვევის დროს, ზუსტად არ არის ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ 10 აპრილს, კრეისერი სევასტოპოლში იდგა. თავდაცვის სამინისტრო და რუსული საინფორმაციო წყაროები კრეისერის ადგილსამყოფელზე ცნობებს არ ავრცელებენ. უკრაინული მედიის ცნობით, კრეისერს ხანძარი „კუნძული ზმეინიდან 20 საზღვაო მილის დაშორებით გაუჩნდა“.


ცნობისთვის, კრეისერის ერთ-ერთი ამოცანაა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა ფლოტის ყველა ძალის ინტერესებიდან გამომდინარე. გემის ბორტზეა შორ მანძილზე მოქმედი S-300 Fort-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ექსპერტების შეფასებით, კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა რუსეთის ფლოტის თავდაცვისუნარიანობას უკრაინასთან ომში საჰაერო დარტყმებისას სერიოზულად შეასუსტებს. კრეისერმა მოდერნიზაციის შედეგად, მიიღო ახალი რადარები, რომლებსაც შეუძლია, ეფექტიანად აღმოაჩინონ დაბალი მფრინავი სამიზნეები, როგორიცაა, „ნეპტუნის“ საზენიტო რაკეტა. რუსული მედია წერდა, რომ თუ კრეისერის გადარჩენა შეუძლებელი გახდებოდა, მაშინ ეს იქნებოდა მსოფლიოს ფლოტების ისტორიაში ყველაზე დიდი საბრძოლო დანაკარგი 1982 წლის შემდეგ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ 1976 წელს უკრაინაში ნიკოლაევის გემთმშენებელ ქარხანაში ააგეს და მისი თავდაპირველი სახელწოდება - „სლავა“ [დიდება] იყო. 7 წლის შემდეგ გემი ფლოტის შემადგენლობაში შეიყვანეს, რომელიც საბჭოთა სარაკეტო კრეისერების პროექტის მთავარი კრეისერი გახდა. კრეისერის მთავარი მიზანი იყო წყლის ზედაპირზე მცურავი გემების შესაბამისი რაკეტებით მოგერიება. 1990-იან წლებში უკრაინასა და რუსეთს შორის შავი ზღვის ფლოტის გაყოფისას „მოსკვა“ რუსეთს ერგო. კიევმა კი, იმავე კლასის დაუსრულებელი კრეისერი „უკრაინა“ მიიღო, რომელიც ამ დრომდე ნიკოლაევის გემთმეშენებელ ქარხანაშია და სავარაუდოდ, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დაცხრილეს.

კრეისერ „მოსკვას“ რუსეთის ფლოტის შემადგენლობაში ორჯერ ჩაუტარდა მოდერნიზაცია. ბოლოს, 2022 წელს და მაშინ სამხედროებმა განაცხადეს, რომ კრეისერის ექსპლუატაციის ვადამ 2040 წლამდე გადაიწია. მოდერნიზაციის შემდეგ „მოსკვას“ შეიარაღებას 16 ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო გამშვები „ვულკანი“ წარმოადგენს. 1989 წელს კრეისერის ეკიპაჟი მალტაზე საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის ლიდერების მიხაილ გორბაჩოვის და ჯორჯ ბუშის შეხვედრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

1999 წელს უკვე „მოსკვას“ სახელწოდებით, კრეისერი შავი ზღვის ფლოტის მთავარ ბაზაზე - სევასტოპოლში გაგზავნეს. კრეისერს ხშირად სტუმრობდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად. 2000 და 2001 წლებში, სევასტოპოლში ვიზიტისას პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასთან ერთად კრეისერზე ავიდა. 2008 წელს, კრეისერმა მონაწილეობა მიიღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ კონფლიქტში. 2015-2016 წლებში, „მოსკვა“ საჰაერო თავდაცვას ახორციელებდა სირიაში, ხმეიმში რუსული საჰაერო ბაზის საზღვაო მიმართულებით.