რუსეთის თავდაცვის უწყება: კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა

რუსული ფლოტის კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა. ამის შესახებ რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. უწყების ცნობით, შტორმის დროს კრეისერმა მდგრადობა დაკარგა. ასევე ცნობილია, რომ რუსული ფლოტის ფლაგმანის ეკიპაჟისა და სხვა გემების ევაკუაცია განხორციელდა. რუსულ კრეისერზე აფეთქება მოხდა, მიზეზი არ ვიცით, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ, - ამის შესახებ 14 აპრილს პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. 


რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ.

14 აპრილს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ძირითადი სარაკეტო შეიარაღება არ დაზიანებულა. 

არიან თუ არა კრეისერზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები ან დაღუპულები, ამ საკითხს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში არ აზუსტებენ. კრეისერის ბორტზე სავარაუდოდ, ეკიპაჟის 680 წევრი იმყოფებოდა.


ასევე წაიკითხეთ 

პენტაგონი: რუსულ კრეისერზე აფეთქება მოხდა, მიზეზი არ ვიცით, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ

რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომზე შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის ფლაგმან „მოსკვაზე“ მომხდარი აფეთქება