მძიმე ავადმყოფის, დათა ვანიშვილის ქალიშვილს საოკუპაციო რეჟიმი 88 წლის მოხუცის მონახულების უფლებას არ აძლევს

სოფელ ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გავლებული მავთულხლართების მიღმა მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი ფილტვების ანთებას ებრძვის, მოხუცს დაავადება მძიმე ფორმებში აქვს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კი ქართველ ექიმებთან მკურნალობის შესაძლებლობას არ აძლევს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, ავადმყოფის მონახულებას მის ქალიშვილსაც უკრძალავენ. დათა ვანიშვილს კორონავირუსზე ტესტირების შედეგად კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა.

Europetime-ს დათა ვანიშვილის მეუღლემ, ვალია ვანიშვილმა განუცხადა, რომ დღეს მისი ქმრის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა.

„ახლა არაუშავს ჭამა დაიწყო, ფეხზე დადგა. ცხინვალის მიერ კონტროლირებად სოფელ ორჭოსანიდან გადმოდის ექიმი, ნემსებს უკეთებს. ქართველებს არ უშვებენ. ჩემი შვილი ერთი ზეღდულეთშია გათხოვილი, ცხინვალის მიერ კონტროლირებად სოფელში, მასაც არ უშვებენ სახლში.

სამი დღის წინ, პოლიციამ მოიყვანა, პროდუქტები მომაწოდა შორიდან.როდესაც ჩემმა შვილიშვილმა, მალხაზ ვანიშვილმა პაპას ავადმყოფობაზე გაიგო, ცოლთან ერთად გადმოვიდა მავთულხლართს მიღმა და რუსებმა დაიჭირეს. ჩაერია საქართველოს მთავრობა და ახლა აქ არის ჩემი შვილიშვილი, ჩემს გვერდით“, - აღნიშნავს მავთულხლართს მიღმა დარჩენილი ვალია ვანიშვილი.

Europetime-თან საუბრისას ის ამბობს, რომ ყველაზე მეტად სამედიცინო მომსახურება და საკვები პროდუქტები სჭირდებათ. „იქნებ, კარტოფილი და საჭმელი მოგვაწოდოს ვინმემ. ცოტა ხნის წინ კი მოგვაწოდეს, ქართველებმა, ჟურნალისტებიც იყვნენ იქ. ამ ზაფხულს გავიკეთე თვალის ოპერაცია ერთ თვალზე ტკივილი დამეწყო, მაგრამ ვერ გადავალ, ქართულ საავდმყოფოში, რუსები დამიჭერენ. ბევრი ვიტირე, ჯერ ჩემი ქმრის ავადმყოფობაზე, მერე შვილიშვილის დაჭერაზე და თვალი ამტკივდა. ჩემი შვილიშვილიც ვეღარ დაბრუნდება ხურვალეთში, დაიჭერენ, ხუთ წელს მაინც მიუსჯიან“, - აღნიშნავს ვალია ვანიშვილი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დათა ვანიშვილის ავადმყოფობის დადგენისთანავე, რეგულარულ კონტაქტზე არიან მისი ოჯახის წევრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„რეგულარულ კონტაქტზე ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ბატონი დათა ვანიშვილის ოჯახის წევრებთან. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩვენს ხელთ არსებული არაფორმალური კომუნიკაციის არხები. ამ ეტაპისთვის თქვენთვის ცნობილია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კრძალავს თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის ისეთი მძიმე პაციენტებისთვის, როგორიც ამ ეტაპზე არის ბატონი დათა ვანიშვილი. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, არსებული შესაძლებლობებიდან და რეალური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ვმოქმედებთ, მათ შორის ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ვანიშვილების ოჯახს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მავთულხლართებთან ას მეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოებას უკრძალავენ და დაკავებით ემუქრებიან. მავთულხლართის გავლებამდე ვანიშვილების სახლი და სამეურნეო მიწები სოფელ ხურვალეთის ნაწილი იყო. საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩენის შემდეგ, ვანიშვილებმა სამეურნეო მიწებიც დაკარგეს, რომელიც ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. რუსი სამხედროები საკუთარ ნაკვეთში გასვლის უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც მიწების დამუშავება ვეღარ შეძლეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.