უკრაინის რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ Twitterზე უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა დაწერა

გადაწვეტილებას „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის მოწყობის შესახებ“ ხმა მისცა 365-მა დეპუტატმა.


ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ექსპერტებმა უკრაინაში 24 თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე განვითარებულ მოვლენებზე 108 გვერდიანი ანგარიში მოამზადეს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებზე მტკიცებულებები არსებობს. 

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.

„ის ომის დამნაშავეა”, - განაცხადა ბაიდენმა პუტინის შესახებ, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის შესახებ ქალაქ ბუჩაში, უკრაინის დედაქალაქ კიევის ჩრდილო-დასავლეთით. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ომის დროს მისი ქმედებებისთვის.

პუტინის მტკიცებით, „ბუჩა სიყალბეა და მსგავსი „პროვოკაციები" სირიაშიც განხორციელდა“. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.