პრეზიდენტი: უკრაინა უსასტიკეს პირობებში იბრძვის სახელმწიფოს გადასარჩენად, იბრძვის საკუთარი ენისთვის, ასეთი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ, ამ დღეს ვუძღვნით მათ

45 წლის წინ საბჭოთა წნეხის ქვეშ ქართველმა საზოგადოებამ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ენა. დღეს უსასტიკეს პირობებში უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწის და სახელმწიფოს გადასარჩენად, იბრძვის საკუთარი ენისთვის. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და ვიცით, რომ ასეთი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ. ამ დღეს ვუძღვნით მათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ენის დღე ეკუთვნის იმ უმნიშვნელოვანესი თარიღების რიგს, რითაც საქართველომ შეძლო საკუთარი მეობის შენარჩუნება, სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და გაძლიერება და რითაც დღემდე მოვიდა.

„შეიძლება, ითქვას, რომ 1978 წლის 14 აპრილით იწყება ჩვენი მსვლელობა საბჭოთა ოკუპაციისგან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ. კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვა და არ დათმობა, რომელმაც შვა ეროვნული მოძრაობა, უტოლდება სხვა ისტორიულ თარიღებს და გამარჯვებებს – 1917 წლის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, 1918 წლის და 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ამ გამარჯვებებზე დგას დღესაც ჩვენი სახელმწიფო. 221 წელი კი ეცადა რუსეთი საქართველოსთვის წაერთვა სახელმწიფოც ენაც და დამოუკიდებლობაც, თუმცა მიუხედავად რუსიფიკაციასთან უთანასწორო ბრძოლისა, საქართველომ შეძლო დამოუკიდებლობასთან ერთად გადაერჩინა თავისი 16 საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა, შეენარჩუნებინა სამი ქართული ანბანი და ამავე დროს მოეხდინა ქართული ენის მოდერნიზაცია“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა.

ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული.ამ განზრახვის წინააღმდეგ თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ.

ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა‚ საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად.საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო.

ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.


ასევე წაიკითხეთ

საქართველოს პრეზიდენტი სკოლაში მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის