განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაზარალებული ბავშვების საქართველოს სკოლებში ჩარიცხვის სურვილი 72 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 38 კი უკვე ჩარიცხულია.
"ყველა შესაბამისი რგოლის ჩართულობითა და კოორდინაციით, სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თითოეული ბავშვისთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობა. მოსწავლეთა ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც უკრაინის სკოლებში ისინი 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით სწავლობდნენ. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში სასურველ ენაზე მიიღონ განათლება", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. მათივე თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა.
შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.