ამერიკის ელჩი: როდესაც უკრაინასა და საქართველოს შორის რაიმე სახის დაპირისპირებაა, ამით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს

„როდესაც უკრაინასა და საქართველოს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არსებობს, მისგან მხოლოდ რუსეთი სარგებლობს, ამისთვის საჭიროა ერთიანობის გზავნილი - რომ ქვეყანაში შეჭრა, მისი დაბომბვა, მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა მიუღებელია“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა უკრაინის დასახმარებლად American Chamber of Commerce in Georgia-ს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიების შემდეგ, მედიასთან განაცხადა. ელჩის მიმართ ჟურნალისტების შეკითხვა უკრაინაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ეხებოდა.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება. ეს კარგად ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას და იმ მხარდაჭერას, რომელიც აქვს უკრაინის სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის ძალიან პოზიტიური ნიშანი. მიხარია, რომ ასევე იყო პოზიტიური საუბარი შალვა პაპუაშვილსა და უკრაინის რადას სპიკერს შორის.

როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო არსებობს სხვადასხვა გაუგებრობა, ძალიან კარგია, როდესაც ასეთი საკითხები პირისპირ საუბრისას წყდება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს ძმური მხარდაჭერა, რომელიც ქართველ ხალხს უკრაინის მიმართ ჰქონდა და აქვს, კვლავ აქ არის და გრძელდება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.


ასევე წაიკითხეთ

საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ შალვა პაპუაშვილს კიევში შეხვდება