„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში ჩავიდნენ

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და ამავე პარტიის სხვა ლიდერები, კობა ნაყოფია და ეკა ხერხეულიძე უკრაინას ეწვივნენ. მათთან ერთად უკრაინაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ დელეგაციის ფარგლებში მოგვეცემა შესაძლებლობა, ბევრ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. დღეს ჩვენ აქ და ახლა არ წარმოვადგენთ ქართულ ოპოზიციას. აქ და ახლა ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს რომლის უმრავლესობაც არის სოლიდარული უკრაინის მიმართ, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს უზრუნველყოფილი უკრიაინაში. ასევე, აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც, გარკვეული ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და ეს ერთად დგომა არის უცვლელი; ამას არ ცვლის არაფერი", - განუცხადა „მთავარ არხს" გიორგი მარგველაშვილმა.


დღესვე საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.

როგორც ცნობილია, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

მასთან ერთად კიევში გაემგზავრნენ უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა ოპოზიციონერი დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ნაცვლიშვილი.