აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ადასტურებს, რომ კრეისერ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა, - ამის შესახებ CNN წერს. პენტაგონის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის ფლოტის ფლაგმანის ჩაძირვა სწორედ ამ სარაკეტო დარტყმებმა გამოიწვია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა
კრეისერ „მოსკვაზე“ მომხდარ აფეთქებას პენტაგონი პირველად 14 გამოეხმაურა. „რუსულ კრეისერზე აფეთქება მოხდა, მიზეზი არ ვიცით, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ“, - განაცხადა ჯონ კერბიმ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა.
რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ.
ასევე წაიკითხეთ