სენაკში, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა

11-14 აპრილს, სენაკში, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა. წვრთნებს უძღვებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული გვარდიის მწვრთნელები, დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) უფროსი ინსტრუქტორის მეთვალყურეობით. ამის შესახებ ინფორმაციას NATO-ს სამეკავშირეო ოფისი ავრცელებს.
 
ჩატარებულმა წვრთნებმა გააძლიერა როგორც ეროვნული გვარდიის როლი სამოქალაქო დაცვაში, ასევე საქართველოს საგანგებო სიტუაციების სისტემა. წვრთნები მიმდინარეობდა თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც 2021 წელს ეროვნული გვარდიის მეთაურსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს შორის გაფორმდა.
 
„სიმულაციებმა მონაწილეებს საშუალება მისცა გაეუმჯობესებინათ თითოეული ორგანიზაციის შესაძლებლობები და გამოეჩინათ პოტენციური დაბრკოლებები საერთო მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა DEMA-ს უფროსმა ინსტრუქტორმა, უფროსმა ლეიტენანტმა დევიდ ჯონ დიკერმა.
 
ამასთან, აღნიშნული წვრთნები ერთ-ერთია იმ მრავალ ღონისძიებათაგან, რომელიც ტარდება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) კრიზისების მართვის ინიციატივის ფარგლებში, დანიის ხელმძღვანელობით.