რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას იახტა თურქეთის წყლებში შევიდა

როგორ ცდილობენ, გაექცნენ დასავლეთის სანქციებს რუსი ოლიგარქები, ამ თემაზე სააგენტო Reuters-ი სტატიას აქვეყნებს. ბრიტანული მედია წერს, რომ რუსი ოლიგარქ დერიპასკას იახტა თურქეთის წყლებში, კერძოდ, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, კურორტ გოიჩეკთან ახლოს მდებარე ყურეში შევიდა.

დერიპასკას, რუსული ალუმინის გიგანტის Rusal-ის (RUAL.MM) დამფუძნებელს, სანქციები შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ბრიტანეთმა დაუწესეს. მანამდე ის მშვიდობის მოწოდებით გამოდიოდა. Reuters-ის ინფორმაციით, კაიმანის კუნძულების დროშის ქვეშ მყოფი 73-მეტრიანი იახტა გიოჩეკის ყურეში რჩება.

„NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, აქვს კარგი კავშირები ორივესთან და შუამავალია კონფლიქტში. მან მხარი დაუჭირა კიევს, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის სანქციებს, მათ შორის რუსი მილიარდერების წინააღმდეგ ზომებს. ანკარა დიდწილად ეყრდნობა რუსულ ენერგეტიკულ იმპორტს და ტურისტებს. ის იქცა უსაფრთხო თავშესაფარად სანქციებისგან გაქცეული რუსებისთვის და ბევრმა ინვესტიციაც ჩადო ამ ქვეყანაში. პარასკევს, უკრაინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ უკრაინა მუშაობს თურქეთთან მეტი მხარდაჭერისთვის, ესმის თუმცა არ არის კმაყოფილი მოსკოვთან ანკარის პარალელური კავშირებით“, - წერს Reuters-ი.

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ

რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში