უკრაინის პრეზიდენტმა დანგრეული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის შესახებ გამოაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროების განკუთვნილ დახმარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამა სამ ეტაპად განხორციელდება.
„პირველ ეტაპზე დროებითი საცხოვრებელი უნდა მიეცეთ დევნილებს, მათ, ვისაც სახლები ომმა დაუნგრია. დროებითი - ვიდრე არ აღვადგენთ მათ საცხოვრებელს. ან ვიდრე ხალხი კომპენსაციას არ მიიღებს. მეორე ეტაპზე ჩვენ აღვადგენთ ყველა ქალაქს, თემს, რომლის განადგურებასაც ოკუპანტები ცდილობდნენ.
მესამე ეტაპზე კი ყველასთვის, ვინც იცავდა ჩვენს სახელმწიფოს, ვინც მუშაობდა ან მუშაობს საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, მაგრამ არ ჰქონდა საკუთარი საცხოვრებელი, საცხოვრებელს უზრუნველვყოფთ. არ შეიძლება, ადამიანი ყველაფერს, თავის სიცოცხლეს უთმობდეს სამხედრო სამსახურს და პენსიაზე გადიოდეს საკუთარი ბინის გარეშე. მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ არამხოლოდ დანგრეულის აღდგენას, არამედ სამართლიანობის აღდგენას მათთვის, ვისი ცხოვრების უფლებაც დაირღვა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.