ჩემი და ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის 1000 ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი და დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს პოლიციელებისთვის.
„რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩემი და ბატონი მინისტრის დიდი სურვილია და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000 ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტს დავიწყებთ ამ წელს, უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები, ადგილიც შერჩეულია. ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ აღნიშნული პროექტი ჯიქიას ქუჩაზე განხორციელდეს, სადაც განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. აღნიშნულ ბაზას სხვა ადგილზე გადავიტანთ და ამ ადგილზე 1000 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ავაშენეთ ჩემი მინისტრობის დროს. გახსოვთ, რომ 1000 ბინიანი ჯარის ქალაქი ავაშენეთ, რომელიც წელს, სექტემბერში ჩაბარდებათ ჩვენს ჯარისკაცებს. ასეთივე, ანალოგიური ქალაქი აუშენდება ჩვენს პოლიციელებს. პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის იყო, ანუ დაახლოებით 1 კვადრატულ მეტრზე 100 დოლარის ექვივალენტს გადაიხდიან ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს. ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი, ეს უნდა გაგრძელდეს ,დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს ჩვენი პოლიციელებისთვის და ისევ და ისევ მინდა ვთქავა, რომ ჩვენი ვალია შესაბამისად, ღირსეულად დავუფასოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს წირავენ ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.