შალვა პაპუაშვილი: რასაც ჩვენ უკრაინაში ვხედავდით, ეს შეიცავს ომის დანაშაულების ნიშნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის, რაც საპარლამენტო დელეგაციამ უკრაინაში ნახა, ომის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ირპენსა და ბუჩაში ნანახი არის თუ არა გენოციდი.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უნდა მოხდეს ყველაფრის სამართლებრივი დოკუმენტირება.

„რა თქმა უნდა, ის, რაც ვნახეთ საზარელია. მე იქაც აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, საზარელთან ერთად ქართველებისთვის ეს არ არის პირველი, როდესაც ჩვენ ასეთი სურათები ვნახეთ. ჩვენ, ეს სურათები გვახსოვს 1990-იანი წლებიდან, გვახსოვს 2008 წლიდან, ჩვენთვის ეს ნაცნობია და გარკვეულწილად, საქართველოში ნანახი ტრაგედია გააღვიძა. მე ჩემს კოლეგასთანაც მქონდა საუბარი, მნიშვნელოვანია და სწორედ ეს არის განსაკუთრებული, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს. სამწუხაროდ, თავის დროზე, 1990-იან წლებში არ იყოს ამის საშუალება, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ამის სამართლებრივი დოკუმენტირება. როდესაც ვიყავით ბუჩაში, სადაც სამარხია იქ, უცხოელი ექსპერტები მუშაობენ, მათ შორის, ფრანგი კრიმინალისტები, რომლებიც ზოგადად, გარემოს ექსპერტიზას აკეთებენ.

ახლა, ეს არის ყველაზე მთავარი. მთავარი ახლა არის არა განცხადებები, კომენტარები, პოლიტიკური შეფასებები, არამედ სამართლებრივი შეფასებები. ამიტომაც, კოლეგასთანაც მქონდა ამაზე საუბარი, რომ ჰააგის სასამართლო არის სწორედ ის ინსტანცია, სადაც ახლა უნდა მოხდეს ყველა დოკუმენტაციის დამაგრება, ამ დოკუმენტაციის სამართლებრივი შექმნა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. ერთი დღით ადრე, სანამ ჩვენ ჩავიდოდით ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი იყო ჩასული.

ამ კუთხითაც იცით, რომ ჰააგის სასამართლოსთან ურთიერთობის გამოცდილება გვაქვს და ყველანაირად შეგვიძლია დავეხმაროთ. მოკლედ, მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფერს უნდა მიეცეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ იქ ვხედავდით ეს შეიცავს ომის დანაშაულების ნიშნებს. ფაქტია, ის, რაც ჩვენ ვნახეთ, დაწყებული სამოქალაქო შენობების დაზიანებით, სამოქალაქო პირებში ადამიანური მსხვერპლი, ყველაფერი ეს სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. აქ ყველა უნდა იყოს ჩართული, რომ მოხდეს ყველაფრის სამართლებრივი დოკუმენტირება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. შალვა პაპუაშვილთან ერთად კიევში გაემგზავრნენ უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე, ოპოზიციონერი დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ნაცვლიშვილი.