მედია: „მოსკვაზე“ მყოფი წვევამდელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, კრეისერი „მოსკვას“ ეკიპაჟი სრულად იყო ევაკუირებული. ამასთან სამგლოვიარო ცერემონიაზე მიიტანეს ყვავილების გვირგვინი წარწერით „კრეისერ „მოსკვას“ და მის მეზღვაურებს. მანამდე კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ აფეთქების შემდეგ მეზღვაურების გაუჩინარების შესახებ.

17 აპრილს რუსული სოციალური ქსელის, VKontakte-ს მომხმარებელმა, დმიტრი შკრებეცმა დაწერა, რომ მისი ვაჟი, ეგორი, კრეისერ „მოსკვაზე“ მსახურობდა: „ჩემი წვევამდელი ვაჟი, როგორც კრეისერ „მოსკვას“ უშუალო მეთაურებმა შემატყობინეს, დაღუპულთა და დაჭრილთა შორის არ არის და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაშია შეყვანილი. წვევამდელი, რომელსაც არ უნდა მიეღო მონაწილეობა საომარ მოქმედებებში, დაკარგულად ითვლება. ხალხნო, უგზო-უკვლოდ ღია ზღვაში დაიკარგა?!"

მამა წერს, რომ შვილის შესახებ მონაცემების დაზუსტების მცდელობის შემდეგ კრეისერის მეთაურმა და მისმა მოადგილემ მასთან ურთიერთობა შეწყვიტეს: „პირდაპირ ვკითხე, რატომ ხართ ცოცხლები თქვენ, ოფიცრები, ხოლო ჩემი ვაჟი, წვევამდელი, დაღუპული?!” დმიტრი შკრებეცის ინფორმაციით, მისი ვაჟი ეგორ შკრებეცი გემზე კოკად (მზარეულად) მსახურობდა.

რუსულ გამოცემა The Insider-თან საუბარში ეგორ შკრებეცის დედა ამბობს, რომ მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ჰოსპიტალში, სადაც „მასკვაზე“ დაშავებულები გადაიყვანეს, თუმცა იქ მხოლოდ 200 ადამიანი იყო, მაშინ როდესაც ხომალდის ეკიპაჟი 500 მეზღვაურისგან შედგებოდა. „ყველა დამწვარ ბავშვს დავხედეთ. ვერ გეტყვით, როგორ მძიმე იყო, მაგრამ ჩემი ვერ ვიპოვე. მხოლოდ ორასი იყვნენ, როდესაც გემზე 500-ზე მეტი იყო. სად არიან დანარჩენები? ვეძებეთ კრასნოდარშიც და ყველგან, სადაც შეიძლება, ყველგან დავრეკეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ“, – ამბობს ირინა შკრებეცი.

17 აპრილს რუსულ მედიაში, სოცქსელებზე დაყრდნობით ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ მყოფი კიდევ ერთი მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ. ყლიანა ტარასოვამ  VKontakte-ში დაწერა, რომ მისი შვილი მარკ ტარასოვი კრეისერ „მოსკვაზე“ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მათი ოჯახის ახლობელმა რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ მარკ ტარასოვი 2021 წლის დეკემბრიდან კრეისერზე მსახურობდა.

16 აპრილს უკრაინული პროექტის „სქემების“ ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია კრეისერ „მოსკვას“ მიჩმანის ივან ვახრუშევის დაღუპვის შესახებ. ინფორმაცია მედიას, მისმა ცოლმა დაუდასტურა. 17 აპრილს, პროექტმა „ნოვაია გაზეტა ევროპამ“ გაავრცელა ქალის მონოლოგი, რომლის შვილიც კრეისერზე მსახურობდა. ქალი წერს, რომ 15 აპრილს შვილთან დაკავშირება შეძლო, რომელმაც აცნობა, რომ „კრეისერზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ 40-მდე ადამიანი დაიღუპა“, არიან დაჭრილები, ხოლო რამდენიმე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. პროექტი „ნოვაია გაზეტა ევროპა“ მონოლოგის ავტორი ქალის და მისი შვილის ვინაობას არ ასაჯაროებს.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა

რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ.

15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა. 


ასევე წაიკითხეთ 

მედია: კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

რუსეთის თავდაცვის უწყება: კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა 

როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა