უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის ფარგლებში უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის გაზრდას ელის. ამასთან დაკავშირებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტს ესაუბრა. „გიტანას ნაუსედა ინფორმირებულია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების, მარიუპოლის გმირული თავდაცვის შესახებ. მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენ ველოდებით უსაფრთხოების მხარდაჭერის ზრდას ევროკავშირის ფარგლებში. ჩვენ უნდა გავზარდოთ რუსეთისთვის აგრესიის ფასი, განვამტკიცოთ სანქციები“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
17 აპრილს, ევროკომისიის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინას იარაღი რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.